საბაკალავრო პროგრამის დასახელება: ხელოვნებათმცოდნეობა / Art History and Theory
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნებათმცოდნეობის ბაკალავრი / Bachelor of Art History and Theory
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფ. ზაზა სხირტლაძე
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 8 სემესტრი
ECTS 240 კრედიტი
პროგრამის სტრუქტურა/ECTS-მოცულობა
სავალდებულო საფაკულტეტო კურსები 50 ECTS კრედიტი
ძირითადი პროგრამა (Major) 120 ECTS კრედიტი
დამატებითი პროგრამა (Minor) 60 ECTS კრედიტი
თავისუფალი 10 ECTS კრედიტი
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულებს მისცეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საბაზისო ცოდნა ხელოვნებისა და არქიტექტურის სხვადასხვა სფეროს, პერიოდისა და მიმართულების შესახებ. სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ განათლება ხელოვნების ისტორიასა და თეორიაში, დაეუფლონ პროფესიულ უნარ-ჩვევებს, მოემზადონ სწავლის გაგრძელებისათვის შემდგომ აკადემიურ საფეხურზე ან დამოუკიდებელი პრაქტიკული მუშაობისათვის.
პროგრამა სტუდენტებს აძლევს სპეციალიზებულ ცოდნას მსოფლიო და ქართული ხელოვნების ისტორიაში წინარექრისტიანული ხანიდან დღემდე; ჩამოუყალიბებს და განუვითარებს მეთოდოლოგიურ უნარ-ჩვევებს პროფესიული პოზიციებით განპირობებული სამუშაოს შესრულებისათვის.
დარგის – ხელოვნებათმცოდნეობის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროგრამა ინტერდისციპლინურია და მასში გაერთიანებული საგნები ისწავლება ეპოქებისა და რეგიონების თანადროული რეალიების ფართო კონტექსტში, კომპარატიული მეთოდით. სავალდებულო საგნების გარდა, სტუდენტს ეძლევა არჩევითი დისციპლინების ფართო არჩევანი. სწავლების ამ საფეხურზე გათვალისწინებულია ლექციები, სემინარები, წერითი სამუშაოები, დისკუსია, გასვლითი პრაქტიკა როგორც საკუთრივ ძეგლებზე, ისე მუზეუმებში, ხელოვანთა სახელოსნოებში. ხელოვნების ისტორია, როგორც საუნივერსიტეტო საგანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი დაარსებიდან არსებობს. ხანგრძლივი ტრადიციის პირობებში ეს დარგი გათვალისწინებულია, როგორც საკუთრივ ხელოვნებათმცოდნეებისათვის, ისე მომიჯნავე დარგების სპეციალისტებისათვის.
სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავს ფართო პროფილის მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მომზადებას, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება თანამედროვე დასაქმების ბაზარზე.
პროგრამის გავლის შემდეგ სტუდენტს ექნება სწავლის გაგრძელების და პიროვნული განვითარების საშუალება დემოკრატიული ფასეულობების შესაბამისად.
სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება: ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს გააჩნია შესაბამისი ცოდნა სპეციალობის თეორიულ და პრაქტიკულ დისციპლინებში: აქვს ძველი, შუა და ახალი საუკუნეების ქართული და ევროპული ხელოვნების ფორმირებისა და განვითარების ეტაპების ცოდნა. ერკვევა ანტიკური, ძველი, ქრისტიანული, აღმოსავლური ხელოვნების არსაა და ფუნქციებში, მათ ძირითად სტილისტურ თავისებურებებში. აქვს ცოდნა ახალი და თანამედროვე ქართული და მსოფლიო სახვითი ხელოვნების ისტორიის, ძირითადი მიმდინარეობებისა და სტილების, ამ პერიოდში მოღვაწე ხელოვანთა შემოქმედების შესახებ. ფლობს ერთ-ერთ ევროპულ ენას, იცის რომელიმე კლასიკური/აღმოსავლური ენის საფუძვლები, აკადემური და კვლევითი მიზნებისთვის.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება: კურსდამთავრებულს შეუძლია მონაცემების გააზრება როგორც ხელოვნებათმცოდნეობით, ასევე ისტორიულ-რელიგიურ-კულტუროლოგიური მონაცემების კონტექსტში. ისტორიულ–ხელოვნებათმცოდნეობითი ფაქტებისა და მოვლენების განზოგადებისა და ისტორიულ კონტექსტში განხილვის უნარი. მასწავლებლის სასერტიფიკატო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მოიპოვებს მასწავლებლობის უფლებას საჯარო სკოლაში.
დასკვნის უნარი: ხელოვნებათმცოდნეობის ბაკალავრს აქვს ანალიზის უნარი, სფეროსათვის დამახასიათებელი მონაცემების შეგროვების, განმარტების, ასევე განყენებული მონაცემებისა და სიტუაციების ანალიზის და დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბების უნარი; ვიზუალური მასალის ღრმა ცოდნასთან ერთად დაუფლებულია მრავალმხრივი ანალიზის, ისტორიული და შესაბამისი ინტელექტუალური კონტექსტის გააზრების მეთოდოლოგიებს, შეუძლია სპეციფიკური საგნებისა და საკითხების განხილვა ხელოვნებისა და არქიტექტურის ისტორიის სფეროში.
კომუნიკაციის უნარი: ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს აქვს კომუნიკაციის უნარი – იდეების, არსებული პრობლემებისა და გადაჭრის გზების შესახებ დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადებისა და ინფორმაციის სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის ზეპირად გადაცემის უნარი ქართულ და უცხოურ ენებზე: აქვს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პროფესიული მიზნებისთვის გამოყენების უნარი.
სწავლის უნარი: კურსდამთავრებულს შეძენილი აქვს ახალი მეთოდების ათვისების, საკუთარი სწავლის პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასების, შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენის უნარი; დარგში მიმდინარე ტექნოლოგიური და მეთოდოლოგიური, პრაქტიკული და მეცნიერული სიახლეების თვალყურის მიდევნების და ცოდნის მუდმივად განახლების უნარი.
ღირებულებები: ბაკალავრს აქვს კულტურათაშორისი განსხვავებების, კულტურული მრავალფეროვნების აღქმის, ადეკვატური გაგებისა და პატივისცემის უნარი; ახასიათებს ტოლერანტობა, განსხვავებული კონფესიების, კულტურებისა და აზრის პატივისცემა; დემოკრატიული ფასეულობების პატივისცემა და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვა. კარგად აქვს გაცნობიერებული პროფესიული, სოციალური და ეთიკური, მორალური პასუხისმგებლობა და სათანადო აკადემიური და ეთიკური ნორმები; იცავს აკადემიური პატიოსნების სტანდარტებს, ინტერპერსონალური ურთიერთობებისა და პროფესიული ეთიკის ნორმებს; აქვს შემწყნარებლობისა და პროფესიული პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დასაქმების სფეროები
პროგრამის კურსდამთავრებულთა დასაქმების სფეროებია: მუზეუმები და სამხატვრო გალერეები; საგამომცემლო ორგანიზაციები; მედია; ტურისტული სააგენტოები; კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და დაცვის სფერო და კულტურის სფეროსთან დაკავშირებული სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები; არასამთავრობო ორგანიზაციები.